English / ქართული / русский /
ნინო აბესაძე
სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში პოსტპანდემიის პერიოდში

ანოტაცია. Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მსოფლიოში  ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია და ქვეყნების უმრავლესობა  კორონა ვირუსის  გავრცელების მესამე ტალღის რეალური საფრთხის წინაშეა. ტურიზმის  აღორძინების მოლოდინები, რომლებიც პანდემიიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევ ეკონომიკური განუსაზღვრელობის ფაზამ  ჩაანაცვლა და  ტურიზმიც კვლავ მიძინების  სტადიაზე  აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, ტურიზმის აღორძინების მოლოდინები არსებობს  და ეს შეიძლება იყოს მრავალმხრივი.  მის  ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი ტურიზმი, რომლის განსავითარებლად საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. სტატიაში განხილულია სამედიცინო/გამაჯანსაღებელი ტურიზმის ძირითადი კატალიზატორები და მათი ტურისტულ პროდუქტად შეფუთვის შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის ინდუსტრიის  ციფრული ტრანსფორმაციის  ხარისხის ამაღლება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს  სამედიცინო  ტურისტული მიმზიდველობის, ტურისტული  პოტენციალის გაზრდისა  და იმიჯის   ამაღლებაში.

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, მიმზიდველობა, რესურსი, პოპულარიზაცია, ციფრული ტრანსფორმაცია.

შესავალი 

ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ  Covid-19-ით გამოწვეული პანდემიით მიღებულ შოკურ მდგომარეობაშია, რომელმაც განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი ტურიზმი,  გადაიყვანა განუსაზღვრელობის ეტაპზე   და ყველა მასთან დაკავშირებული საქმიანობა კი მიძინების სტადიაზე. პანდემიასთან ბრძოლის ერთი წლის შემდეგ,  თითქოს გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები. პანდემიური პერიოდისათვის შემოღებული რეგულაციები ეტაპობრივად მოიხსნა და პოსტპანდემიური პერიოდისათვის აუცილებელი წესებისა და რეგულაციების დაცვის პირობით, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმი 2021 წლის თებერვლიდან პოზიტიური ცვლილებების მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. მაგრამ 2021 წლის აპრილში, როდესაც ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა,  ტურიზმი ისევ არაპროგნოზირებად, ეკონომიკურად განუსაზღვრელ ჩარჩოებში მოექცა.

 ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია და მსოფლიოს  ბევრ ქვეყანაში   ვირუსის  გავრცელების მესამე ტალღა მძვინვარებს. Worldometer-ის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა აპრილის დასაწყისისათვის 133 მლნ-ს აჭარბებს (133897 159). გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 2,904,673-ს შეადგენს. Covid 19-ის გავრცელების კუთხით აღსანიშნავია   აშშ - 31,640,843, ბრაზილია - 13,197,031, ინდოეთი - 12,942,335[1].

ქვემოთ მოტანილი დიაგრამა აჩვენებს ქვეყნების განაწილებას  შემთხვევების წილის მიხედვით.

 

წყარო:  Worldometer

https://www.worldometers.info/coronavirus/worldwide-graphs/#case-distribution 

ბუნებრივია,  მთელს მსოფლიოში  მნიშვნელოვნად შეიცვალა ტურიზმის ტენდენციები და ძირითადი  სტატისტიკური მახასიათებლები.

რადგან საქართველო ტურისტულ ქვეყანას წარმოადგენდა და იმედია, მომავალში ისევ ასეთად დარჩება, მნიშვნელოვანია იმ მოლოდინების განსაზღვრა  და გაანალიზება, რომელსაც უნდა ველოდოთ Covid-19 პანდემიის დასრულების შემდეგ, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის პირობებში. ალბათ, უდავოა, რომ    საქართველოს ტურიზმის განვითარების სტატისტიკური შეფასების მიზნით, მაჩვენებლეთა გაანგარიშების, ანალიზისა  და საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გახდება ორი პერიოდი: 2020  წლამდე ტურიზმის რაოდენობრივი მახასიათებლები და პანდემიის შემდგომი პერიოდის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2020 წლამდე მიღწეული ტურიზმის ინდიკატორების სწრაფი ზრდის ტემპები, მშპ-ში ტურიზმის წილის სისტემატური ზრდის ტენდენცია, ვიზიტებისა და ვიზიტორების რიცხვის ზრდის მაღალი ტემპები, ტურიზმის გეოგრაფიული სტრუქტურის მრავალფეროვნება, საქართველოს ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი გაზრდისა და შესაბამისად მიმზიდველობის საოცრად მზარდი ტემპები და  ა. შ. აისახა ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემაზე, გლობალური ინდექსებისა და  მისი სუბინდექსების მნიშვნელობებზე. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო  გაეროს რეკომენდაციების დანერგვის პირობებში ტურიზმის სრულყოფილი ინფორმაციული ბაზის ფორმირებას.  ეს ეხება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმს. 2021 წლიდან იგეგმებოდა შიდა ტურიზმის აღრიცხვის სრულყოფის ახალი მიმართულების-მობილური ოპერატორების გამოყენებით ტურისტულ ლოკაციებზე ვიზიტორების რაოდენობის განსაზღვრა, თუმცა  ცნობილი მიზეზების გამო  გადაიწია  და იმედია, ტურიზმის კვლევების აღდგენასთან ერთად, ისიც აქტიურად იქნება გამოყენებული.  

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ რომელმაც შეცვალა ცხოვრების რიტმი, ადამიანთა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული და სხვ. ურთიერთობები, მსოფლიო  ახალი გამოწვევების   წინაშე დააყენა. ეს გამოწვევეი სხვადასხვა ქვეყნისათვის განსხვავებულია, თუმცა საერთო რაც ტურიზმს უკავშირდება ისაა, რომ მისი აღდგენა-აღორძინება საერთო რეგულაციების,  წესების მკაცრად  დაცვისა  და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პირობებში უნდა განხორციელდეს. მართალია 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში სტაბილურდებოდა, მაგრამ მას  "მწვანე ქვეყნის" სტატუსამდე არ მიუღწევია. ე.წ.  შუქნიშნის პრინციპის მიხედვით არსებობს მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი  ზონები. აქ გაითვალისწინება რამდენიმე მაჩვენებელი - ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ყოველდღიურად და შემდეგ მისი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც ითვლება 7-დან 14 დღის განმავლობაში; სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე; დადებითობის მაჩვენებელი.  საერთაშორისო პრაქტიკით, თუ დადებითობის მაჩვენებელი  5%-ზე დაბლა ფიქსირდება, ითვლება, რომ ეპიდსიტუაციას დადებითი დინამიკა გააჩნია. (2021 წლის მარტის თვეში საქართველოში ზღვარი 4%  აღინიშნა). ასევე, მნიშვნელოვანია საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი; რეანიმაციებში და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა  და  სხვ.. ყველა ამ მაჩვენებლით  ეპიდსიტუაცია საქართველოში დღეს უარესდება. 

დაფიქსირებული შემთხვევა

ახალი

შემთხვევა

გარდაცლილთა  რიცხ

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი

286 406

+761

3849

276084


Covid-19
დადასტურებული შემთხვევები საქართველოში (08.04.2021)

წყარო:  Worldometer

https://www.worldometers.info/coronavirus/worldwide-graphs/#case-distribution 

როგორც ცნობილია, 1 თებერვლიდან რეგულარული ავია მიმოსვლა აღდგა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოქვეყნების ვიზიტორები ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს) დამადასტურებელი საბუთის საზღვარზე წარდგენისშ ემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენმიუხედავად იმისა რომელი დასახელების ვაქცინა  ექნება გაკეთებული.

ტურიზმის აღორძინების მოლოდინები შეიძლება იყოს მრავალმხრივი.  მის  ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება განვიხილოთ სამკურნალო ტურიზმი, რომელიც ისე როგორც არასდროს შეიძლება გახდეს მოთხოვნადი  Covid-19-ით გამოწვეული შემდგომი მასიური გართულებების ფონზე.

მეზობელ და ევროპის ქვეყნებს დიდი გამოცდილება აქვთ  სამედიცინო ტურიზის განვითარებაში. მაგალითად, თურქეთს,  ისრაელს, გერმანიას, აზერბაიჯანს, ირანს, უკრაინას,  ლატვიას  და სხვ.

 ამ ეტაპზე რეგიონში  სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით პირველია თურქეთი, სადაც პაციენტების უმრავლესობა მიდის. თუმცა, ეს ბაზარი სწრაფად ცვალებადია[2].  თურქეთში, რომელიც რეგიონში სამედიცინო ტურიზმის კუთხით ყველაზე წარმატებულია, აეროპორტებთან ახლოს უზარმაზარი სამედიცინო ცენტრები იხსნება, სადაც პაციენტთა 30-40% სწორედ უცხოელები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ამაზე გლობალური ფაქტორები მკვეთრად მოქმედებს. სამედიცინო ტურიზმით, როგორც ყოველთვის, გერმანია სტაბილურად მაღალი მოთხოვნით გამოირჩეოდა. მაგრამ  საგულისხმოა, რომ თურქეთი უცხოელ პაციენტებს ეკონომპაკეტებს სთავაზობს. სწორედ ამან განაპირობა, სამედიცინო ტურისტული  ნაკადების სწრაფი ზრდა.  საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პაციენტებში გერმანია უფრო მოთხოვნადი გახდა. საქართველო მულტიპროფილურად საინტერესო ვერ იქნება, მაგრამ შეიძლება ვიწრო მიმართულებით გახდეს საინტერესო, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით. მან ვიზიტორებს უნდა შესთავაზოს ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომელიც საინტერესო იქნება მომსახურების მაღალი ხარისხითა  და მომხიბვლელი ფასებით. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ, გერმანია, სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს. თუმცა, ზოგიერთ სამედიცინო მომსახურებას დაზღვევა არ ფარავს. მაგალითად, ესთეტიურ მედიცინას, სტომატოლოგიას და სხვ.. ასეთ შემთხვევაში გერმანიის მოქალაქე ამ სერვისის მისაღებად სხვა ქვეყანაში მიდის. მაგალითად, ჩეხეთში, სადაც მისთვის სასურველ სამედიცინო სერვისს ნახევარ ფასად მიიღებს[3]. თანაც,  საშუალება აქვს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ტურისტული ტურიც  შეუთავსოს.

ლატვიას აქვს ის ნიშა, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო პაციენტების   ნაკადების სისტემატურ  ზრდას, რომელთა შორის იზრდება საქართველოს რეზიდენტების პროცენტული წილის მაჩვენებელიც. მომსახურების სპეციფიური მიმართულებები, ევროპის და  სხვა ქვეყნებთან შედარებით მომხიბვლელი ფასები, კვლევის ულტრათანამედროვე მეთოდები მაგალითად,   ჰელიუმის გამოყენებით კვლევების ჩატარება ლატვიაში  საქართველოდან ტურისტული ნაკადების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. იგივე შეიძლება ითქვას აზერბაიჯანში სიმსივნის საწინააღმდო ახალი  მეთოდის დანერგვის, ისრაელის, თურქეთის, გერმანიის მრავალპროფილიანი ულტრათანამედროვე მეთოდებით სამედიცინო მომსახურების მისაღებად ტურისტული ნაკადების სწრაფ ზრდის ტენდენციაზე.  სამედიცინო ტურიზმი ბევრ  ქვეყანაში  ტურიზმის განვითარების  პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს[4].

დღეს,  აზერბაიჯანი თამამად იკავებს მოწინავე პოზიციებს „Wellness Holiday“ კატეგორიაში, სადაც  ლიდერ პოზიციებზეა ისრაელი,  გერმანია, სლოვენია და შვეიცარია. საქართველო ლიდერობს კატეგორიაში:  გასტრონომია და აგროტურიზმი[5]. გაიხსნა თანამედროვე სამედიცინო და ჯანმრთელობის ცენტრები ბაქოში, ნაფტალანში, ნახიჩევანის და ქვეყნის სხვა რეგიონებში. აზერბაიჯანი მსოფლიოში ცნობილია  ისეთი რესურსებით, როგორიცაა: სამკურნალო ტალახები, მინერალური წყლები და ნაფთალანის ზეთი.გავრცელებული ინფორმაციით ნაფთალანის ზეთს 70-ზე მეტი დაავადების განკურნება შეუძლია. აზერბაიჯანი  ვიზიტორებს იზიდავს  ნახიჩევანის ჰალოთერაპიით, რომელიც  ჩასულ ვიზიტორებს სთავაზობს ჯადოსნურ მარილიან გამოქვაბულს - დუზდაგს.აზერბაიჯანის მიმზიდველობის საიდუმლოს 350-ზე მეტი ტალახის ვულკანი წარმოადგენს. ამიტომაც სულ მზარდია აზერბაიჯანით დაინტერესების სტატისტიკა.

საქართველოში ტურიზმის ეს მიმართულება თანდათანობით ვითარდება. აქ ვლინდება სტატისტიკის როლი და მნიშვნელობა. პერმანენტული კვლევები ტურისტული ბაზრის  ამ სეგმენტზე, ამ კონკრეტული მიმართულებით - სამედიცინო ტურიზმის ძირითადი მახასიათებლების,  სამედიცინო ტურისტული პოტენციალისა  და ამ მიმართულებით ტურისტული ნაკადების მოლოდინების განსაზღვრისათვის კომპლექსური ანალიზის საშუალებას მოგვცემს, რაც საქართველოში ტურიზმის სწორი პოლიტიკის შემუშავების აუცილებელი ინდიკატორი გახდება.  შესაბამისად შესაძლებელი იქნება  სამედიცინო ტურიზმის  როლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის.

საქართველოში არის იმის პოტენციალი, რომ გახდეს სამედიცინო/გამაჯანსაღებელი ტურიზმით მიმზიდველი ქვეყანა. სხვადასხვა კვლევების შედეგების სათანადო  შეფასებების,  ციფრული ტრანსფორმაციების ბაზაზე პოპულარიზაციის გაზრდის საფუძველზე შესაძლებელია ტურისტულ ნაკადებისათვის ისეთი მომსახურების შეთავაზება, როგორიცაა: ესთეტიური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიის, დენტალური მედიცინის, ბალნეოლოგიური და სხვა სახის მომსახურება. ამასთან,  გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში  2400-მდე სახეობის ბუნებრივი წყლის წყაროები არსებობს. ტურიზმის თვალსაზრისით მათი ცნობადობის ხარისხი ჯერ კიდევ დაბალია. გოგირდის წყლები, საირმის,  წყალტუბოს, ახტალას და სხვ. გამაჯანსაღებელი  პროცედურები, ასევე ბორჯომის, ნაბეღლავის, ლიკანის, სნოს, მუხურის „ლუგელას“ (რომელიც თავის ბუნებრივი  შემადგენლობით უნიკალურია) და  სხვ. ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე დაფუძნებული მაღალხარისხოვანი ტურისტული პაკეტების მრავალფეროვნება სწორი მიდგომისა და შეფასებების შედეგად საქართველოს  სამედიცინო ტურიზმის აღმავლობის ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება გახდეს. ცხადია, ეს პროცესი, არ იქნება მარტივი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოთხოვნის სტიმულირების მიზნით მაღალხარისხიანი  ტურისტული პროდუქტების შექმნის პარალელურად,   მოხდეს ტურისტულ ბაზარზე მოსახერხებელი, უსაფრთხო ტურისტული ნაკადების მიმოსვლის უზრუნველყოფა პოსტპანდემიისთვის აუცილებელი რეგულაციების სრული დაცვით.

სამედიცინო ტურიზმის სექტორში დომინირებს გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სპა ტურიზმი (ბაზრის 41%). საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს გამაჯანსაღებელი ტურიზმის ქვეყანა. ამისათვის, ქვეყნის უნიკალური თვისებების ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე მათი ფართო პოპულარიზაცია,    ბორჯომის, საირმის, წყალტუბოსა და სხვა მსგავსი სარეკრეაციო კურორტების  თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.  არანაკლები  მნიშვნელობა  აქვს გამაჯანსაღებელი კურორტების, მსგავსად სხვა ტურისტული ლოკაციების ასახვას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  საპრომოციო მასალებში, ეს იქნება  ვიდეო კლიპები, ბროშურები და ა.შ. დღეს, შეიძლება ითქვას, უცხოეთში არის ინტერესი საქართველოში სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებული დაინტერესება ვლინდება მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი.  პოსტპანდემიის პერიოდში მიზანშეწონილი იქნება  თემატური შეხვედრები როგორც ონლაინ ფორმატში, ისე საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში, დაინტერესებულ ტუროპერატორებთან, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. ტურიზმის  გამოცოცხლებისა  და  ხელახალი აღორძინების პერიოდში დიდი მნიშვნელობა ექნება  საქართველოში  პრეს და ინფოტურების გამართვას. ეს  საშუალებას მისცემს   სტუმრებს გაეცნონ სამედიცინო ტურიზმის პრიორიტეტებს  და  ხელმისაწვდომი გახადონ დანარჩენი სამყაროსთვის. სამედიცინო ტურიზმი  შეიძლება გულისხმობდეს: პრევენციას, რეაბილიტაციას, მკურნალობას. აქედან გამომდინარე, თითოეულ სეგმენტს უზრუნველყოფს სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრები. შესაბამისად, ტურიზმის პოპულარიზაციათან ერთად მოხდება  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი ცნობადობისა და იმიჯის  კიდევ უფრო ამაღლება. ეს ეხება თუნდაც, წყალტუბოს სამკურნალო წყალს, რომელიც  დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო და რომელსაც, როგორც ბუნების  უნიკალურ საჩუქარს,  "უკვდავების წყაროს"უწოდებენ. საირმეს, თავისი  4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყაროს პოპულარიზაციით, რომლითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ბახმაროს,  უნიკალური კლიმატური ჰარმონიით, რაც მიიღწევა  მთისა და ზღვის შერეული ჰავით  თავისი  პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით.  აბასთუმანს,    ფტიზიატრიული პროფილითა  და  ართოროლოგიური დაავადებანის სამკურნალოდ,   ახტალას, თავისი სამკურნალო ტალახებით ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებისათვის.  შემადგენლობით უნიკალური   წყალ ლუგელას, რომელიც ქლორიდულ-კალციუმიან მინარევს წარმოადგენს, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიული, ანტირაქიტული, ანტიანთებითი თვისებებით  და  ა. შ.

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მოტივები სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უნიკალური ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარეობს, რასაც თან უნდა ახლდეს საზღვარგარეთის ქვეყნებთან  შედარებით ანალოგიური სერვისის მიღების  დაბალი ღირებულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება,  საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არ არსებობა და აშ.

დასკვნა 

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ სამედიცინო ტურიზმი ტურიზმის პრიორიტეტულ მიმართულებას წამოადგენდეს. საქართველოს უნიკალური ბუნებრივი რესურსები ქმნის იმ ნიშას, რაც უზრუნველყოს ვიზიტორებისათვის სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კუთხით ქვეყნის მიმზიდველობის  ზრდის პერსპექტივები. ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე დაფუძვნებული მაღალხარისხოვანი ტურისტული პაკეტების მრავალფეროვნება სწორი მიდგომისა და შეფასებების შედეგად საქართველოს  სამედიცინო ტურიზმის აღმავლობის ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება გახდეს.  მნიშვნელოვანია, რომ როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოთხოვნის სტიმულირების მიზნით მაღალხარისხიანი  ტურისტული პროდუქტების შექმნის პარალელურად,   მოხდეს ტურისტულ ბაზარზე მოსახერხებელი, უსაფრთხო ტურისტული ნაკადების მიმოსვლის უზრუნველყოფა პოსტპანდემიისთვის აუცილებელი რეგულაციების სრული დაცვით. მნიშვნელოვანი იქნება  საქართველოსა ტურიზმის ინდუსტრიის  ციფრული ტრანსფორმაციის  ხარისხის ამაღლება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს  სამედიცინო  ტურისტული მიმზიდველობის, ტურისტული  პოტენციალის გაზრდისა  და იმიჯის   ამაღლებაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Kramer, Andrew E. (4 December 2006). „Bathing in Black Gold for Health and Profit in Azerbaijan“. The New York Times. . Retrieved July 22, 2019,
  2. Orujova, Nigar. Azerbaijan strives to become medical tourism destination. Retrieved Mart 22, 2021, AZERNEWS.  https://www.azernews.az/business/91430.html
  3. Holodny, Elena. Taking a bath in warm crude oil is a popular spa treatment in some parts of the world. Retrieved Mart 22, 2021, Business Insider.  https://www.businessinsider.com/crude-oil-baths-in-azerbaijan-2015-7
  4. Kramer, Andrew E. (4 December 2006). „Bathing in Black Gold for Health and Profit in Azerbaijan“. The New York Times. Retrieved Mart 22, 2021, https://www.nytimes.com/2006/12/04/world/asia/04azerbaijan.html?_r=0
  5. http://www.akhtala.ge/
  6. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D
  7. https://georgiantravelguide.com/ka/bakhmaro
  8. https://abastumania.wordpress.com/?p=23&preview_id=23
  9. http://www.sairme.com.ge/
  10. https://tskaltuboresort.ge/
  11. https://georgiantravelguide.com/ka/
  12. https://archive.gov.ge/ge/quiz/sakartvelos-kurortebi-1
  13. https://www.ghn.ge/news/181287
  14. http://medica-turkey.com/
  15. https://www.howtogermany.com/pages/medical-tourism.html


[2] https://www.bpn.ge/article/15972-ratom-ar-vitardeba-samedicino-turizmi-sakartveloshi/

[3]

[4] https://germaniashimkurnaloba.blogspot.com/2013/05/google-google_8477.html